ემბისის მენეჯმენტი MFC-ის რიგით 28-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება, რომელიც წელს ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართება. ღონისძიება, სახელწოდებით - „Microfinance in Transition: Is Purpose at Risk?“, ალბანეთის ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, 19-21 მაისს არის დაგეგმილი.
წლევანდელი ფორუმი ფოკუსირებულია ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დიჯიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. ღონისძიების მთავარი თემა სწორედ ამ ცვლილებების ფონზე ორგანიზაციული მისიისა და ღირებულებების შენარჩუნებაა.
კონფერენცია დარგის ერთ-ერთ საკვანძო პლატფორმას წარმოადგენს და მას 300-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი დაესწრება. სამუშაო პანელები ისეთ აქტუალურ საკითხებს დაეთმობა, როგორიცაა მდგრადი დაკრედიტება და მწვანე დაფინანსება, მიკროსაფინანსო სექტორის გარდამავალი პერიოდი და დასახული მიზნების ზეგავლენის შეფასება.
ტრადიციულად, ღონისძიება აერთიანებს დარგის წამყვან ექსპერტებს, მსხვილ ინვესტორებსა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს.
ემბისის მრავალწლიანი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ ფორუმში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სტრატეგიულ მისწრაფებას - განამტკიცოს საკუთარი როლი საერთაშორისო ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში.