სიახლეები

კამპანია "ნუ გახდები თაღლითობის მსხვერპლი"

კამპანია "ნუ გახდები თაღლითობის მსხვერპლი"

2021-04-15

ბოლო პერიოდში, გაიზარდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეების ნაწილი, სასურველი თანხის სესხად აღების მიზნით, ე.წ შუამავლებს მიმართავს და შედეგად, გაძვირებული პროცენტითა და მისივე უფლებების უგულებელყოფით, იღებს კრედიტს. შუამავლები მათ გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ჰპირდებიან საფინანსო ორგანიზაციაში სესხის აღებას, თუმცა სინამდვილეში, სესხის დამტკიცებისა და გაცემის პროცესზე რაიმე გავლენა  არ გააჩნიათ.  აქედან გამომდინარე, მათი საქმიანობა ხშირად მხოლოდ თაღლითურ ქმედებას წარმოადგენს.
 
პანდემიით გამოწვეული რთული სოციალური ფონის გამო, ე.წ. შუამავლებისა და მევახშეებისთვის მიმართვის შემთხვევები გაიზარდა, რაც კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეებს ქმნის. ერთი მხრივ, აღნიშნული მეთოდით თანხის მიღება მომხმარებლებს სესხს უძვირებს, ხოლო მეორე მხრივ, აზარალებს იმ კომპანიის იმიჯს, კორპორაციულ კულტურას, დამსაქმებლის პოზიციონირებას და ზოგადად ადგილს საფინანსო ბაზარზე, რომელთან შუამავლადაც თავს კონკრეტული პირი წარმოაჩენს.
 
შუამავლებისთვის გახშირებული მიმართვის პრაქტიკა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის "ემბისი"-სთვის. 

შუამავლებთან დაკავშირებული და დამკვიდრებული თაღლითური სქემა შემდეგნაირია: 
შუამავალი ან ნებისმიერი მესამე მხარე სესხის აღების მსურველს არწმუნებს, რომ არის კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტთან დაკავშირებული პირი და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დახმარებას სთავაზობს. რეალურად, ის ზეგავლენას სესხის გაცემის პროცესზე ვერ ახდენს. თუ მომხმარებელი ისედაც აკმაყოფილების სესხის აღების პირობებს და ფინანსური ინსტიტუტი, თავისი პროცედურების გათვალისწინებით, ამტკიცებს და გასცემს სესხს, შუამავალი აღნიშნულს საკუთარ დამსახურებად ასაღებს და მსესხებელს გარკვეულ თანხას ახდევინებს. თუ მომხმარებელი ვერ აკმაყოფილების სესხის აღებისთვის საჭირო მოთხოვნებს, მაშინ ის სესხს ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიღებს, ხოლო შუამავალი აღნიშნულს ე.წ. გაუგებრობას მიაწერს. სინამდვილეში, სესხის აღების მსურველს, შუამავლის ჩართულობა არ სჭირდება, რადგან საფინანსო ორგანიზაცია თავად წყვეტს, მისცეს თუ არა სესხი კონკრეტულ პირს, მისი შემოსავლებისა და საკრედიტო ისტორიის მიხედვით.

საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლიანი ფინანსური ინსტიტუტები შუამავლებთან არ თანამშრომლობენ. სესხის დამტკიცების და გაცემის პროცესი წარმოებს დამოუკიდებლად, ყველანაირი მესამე პირების მონაწილეობის გარეშე.  

შუამავალთან ურთიერთობის შემთხვევაში, მომხმარებელს ეზრდება გადასახდელი თანხა, რაც თავის მხრივ, გადაუხდელობის რისკს აძლიერებს. სწორედ ამიტომ, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, "ემბისი"-მ დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც მომხმარებლების უფლებების დაცვას ემსახურება. 

ეთერ ჩაჩიბაია, "ემბისი"-ს ოპერაციების დირექტორი:
"მიკროსაფინანსო და საბანკო ინსტიტუტების თანამშრომლები, მათ შორის "ემბისი"-ს თანამშრომლები,  მომხმარებელს პირობებთან, საპროცენტო განაკვეთთან და მასზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, განუმარტავენ რისკებსა და შესაძლებლობებს, რაც ე.წ მევახშეებისგან ურთიერთობის შემთხვევაში არ ხდება. ჩვენი მისიაა, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გზით, მცირე მეწარმეებისა და ფერმერებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა, მცირე ბიზნესის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, რასაც  შუამავლების ჩართულობა სრულად ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მომხმარებელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი კამპანია დავიწყოთ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაცია და ექსპერტი ჩაერთვება".