"ემბისი"-ს გენერალური დირექტორის, გია პეტრიაშვილის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში გრძელვადიან ფინანსურ რესურსს შექმნის, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.
"ემბისი"-ს თანამშრომელთა დიდი ნაწილი 40 წლამდე ასაკის გახლავთ. საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად, გადავწყვიტეთ, 1 იანვრიდან ხელფასები საშუალოდ 5%-ით გავზარდოთ. ვფიქრობ, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის სახით გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნა. რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს ეფუძნება და ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი სტიმული იქნება", - აღნიშნავს გია პეტრიაშვილი.
"რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, გაზრდილი ხელფასის შედეგად, ჩვენი თანამშრომლები უპრობლემოდ მოახერხებენ საპენსიო შენატანების განხორციელებას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. თანამშრომლის შენატანს დაემატება ორმაგი ოდენობის შენატანი - ჩვენი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან. შედეგად, გაიზრდება თანამშომლების კეთილდღეობა, რაც "ემბისი"-ს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს", - აცხადებს პეტრიაშვილი.