სიახლეები

სოციალური საწარმოების B2B გამოფენის მხარდაჭერა

სოციალური საწარმოების B2B გამოფენის მხარდაჭერა

2022-10-01

"ემბისი" კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად განაგრძობს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას. 

ამჯერად, კომპანიის გარე და დისტანციური გაყიდვების მენეჯერმა, თეონა ჭანტურიამ პრო ბონო მენტორობა გაუწია სოციალურ საწარმო "ბებიას". პრო ბონო კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრების სერია, რომლის დროსაც თეონა ჭანტურიამ საწარმოს წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მეთოდებისა და ტექნიკების შესახებ. ასევე, შეხვედრების დროს შემუშავდა "ბებიას" პოტენციურ კლიენტებთან საკომუნიკაციო გეგმა.

პრო ბონო კონსულტაციის მიზანი გახლდათ "ბებიას" სოციალური საწარმოების რიგით მესამე B2B გამოფენაში მონაწილეობისთვის მომზადება და ამ გზით მისი კორპორაციული გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

სოციალური საწარმო "ბებიას" 2018 წელს დაფუძნდა და როგორც მისი ხელმძღვანელი, გიორგი ნოზაძე აცხადებს, "ყველაფერი დაიწყო ათეული წლის წინ ერთი ბებიას შვილიშვილისთვის მოქსოვილი ქუდით და გადაიქცა დიდი სოციალური მიზნების საწარმოდ, სადაც ბებიები უმცროსი თაობისთვის მაღალი ხარისხის, ნატურალური შალის ქუდებს და სხვა აქსესუარებს ქსოვენ." საწარმოს მიზანია ბებიებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა მათთვის შემოსავლის გაჩენით და იმის გაცნდით, რომ მათი საქმე საზოგადოებისთვის ისევ ძალიან მნიშვნელოვანია.

ზემოთ აღნიშნული აქტივობის გარდა, B2B გამოფენის მიმდინარეობისას, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით, "ემბისი"-მ ჩაატარა ინდივიდუალური შეხვედრები გამოფენაში მონაწილე სოციალურ საწარმოებთან. აღსანიშნავია, რომ კომპანიისთვის პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის განვითარება კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი და პური მსოფლიოსთვის, პროექტის "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის" ფარგლებში.