ემბისიმ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 21.3 მილიონი ლარის 2-წლიანი ობლიგაციები განათავსა.
აღნიშნული ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის პირველი ტრანშია. მოზიდულ სახსრებს კომპანია არსებული ფინანსური ვალდებულებების რეფინანსირებისთვისა და სასესხო პორტფელის ზრდისთვის გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ერთ-ერთი ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საპენსიო ფონდი მიკრობანკის ფასიან ქაღალდებს ყიდულობს.
"განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ ობლიგაციების ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდი გახდა. აღსანიშნავია, რომ ემბისი პირველი მიკრობანკია ქართულ ბაზარზე, რომელმაც საქართველოს საპენსიო ფონდის მსგავსი მხარდაჭერა მიიღო, რაც კომპანიის ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის." - გია პეტრიაშვილი, ემბისის გენერალური დირექტორი.