ვალერი ჩეჩელაშვილს დამთავრებული აქვს კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით და აქვს საერთაშორისო ეკონომიკის დოქტორის ხარისხი.
1989 წლიდან იგი დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში მოღვაწეობდა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეკავა სხვადასხვა თანამდებობები - მეორე მდივნიდან მინისტრის მოადგილის პოზიციამდე. 2005 წელს ვალერი ჩეჩელაშვილი იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2005-2007 წლებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
1994-1998 წლებში იგი იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ხოლო 2004-2005 წლებში რუსეთის ფედერაციაში. 2000-2004 წლებში ჩეჩელაშვილს ეკავა გენერალური მდივნის პოზიცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ხოლო 2007-2016 წლებში - გენერალური მდივნის პოზიცია დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციაში.
2000-2004 წლებში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივანი, იგი მონაწილეობდა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მისი აფილირებული ორგანო) მმართველთა საბჭოს მუშაობაში. 2002-2012 წლებში იყო "ბაზისბანკის" აქციონერი.
2016 წლიდან ვალერი ჩეჩელაშვილი არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით და ასევე, გახლავთ რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.